ჩქარი, ხისტი და უწყვეტი

რაგბი ლიგურ ყაიდაზე

კვლავ ჩამოგვაკითხა მაგარმა საბურთაო შოუმ, 13-კაცა რაგბმა, სხვა ტერმინოლოგით კი რაგბილიგამ. ვაკეში პარასკევს, საღამოს შვიდზე, ერთიანად შინ მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული "ცამეტი ქართველი" ჰოლანდიის "ორანიეს" უხვდება და თუ გაიმარჯვებს, 2008 წელს ავსტრალიაში დანიშნული მსოფლიო თასის შესარჩევებში მომდევნო სტადიაზე გავა.

13-კაცა ჩვენში შარშანღა დაინერგა, მაგრამ ნაკრებმა დებიუტის წელსვე მოასწრო ოთხი თამაშის გამართვა, "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ევროპულ რეიტინგში მერვე ადგილზე მოკალათდა. ლიგელებმა ჩვენს ფანობას თავი გემრიელი ბურთაობითა და ბრძოლის წინა მისალმებით, ფერხულით გააცნეს და რაც მთავარია, სხვა, უ-რაგბის-კულტურო ქვეყნებისგან განსხვავებით, ბარემ ორი-ათასიანი რაგბის თემის კეთილგანწყობაც დაიმსახურეს.

დიახ, ჩვენთვის სულერთია, კანონიკურ 15-კაცას ვითამაშებთ თუ აპოკრიფულ 13-კაცას. ქართველებისთვის ორივე თამაში რაგბია და ერთნაირად მისაღებიც, რადგან პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ბოჭვის შემდეგ მიწაზე გაიმართება ჭიდაობა და დაწიხლვა, თუ შემტევი წამოდგება და ბურთს ქუსლით უკან გამოაგორებს. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ რაგბიცა და რაგბილიგაც ვაჟკაცური სპორტებია და ჩვენი ეროვნული საუნჯის, ლელობურთის საერთაშორისო ვერსიებია.

ბითური კელტები რაგბის ირბ-ში აქამდე, XXI საუკუნეშიც რომ პარპაშებენ და "კეთილშობილთა თამაშის" მსოფლიოში გავრცელებას აფერხებენ, ქართველებს 15-კაცა რაგბში გასაქანი თანდაყოლილი ნიჭის აშკარად შეუსაბამო გვაქვს. ამიტომაა, რომ ჩვენი ბიჭების ნაწილი ხალისით დაყაბულდა 13-კაცას ახალი, ევროპული გაერთიანების, რლეფ-ის წინადადებას და როცა საჭიროება მოითხოვს, ქვეყნის ღირსებას ლიგაში იცავს.

"ცამეტი ქართველისთვის" ვაკის მატჩი მეექვსეა. შარშან, ნათლობის თამაშში, "ორანიე" (ნარინჯისფრები) ჰუკში 34:14 ვძლიეთ, მერე კი ეროვნულზე 44:12 გავაბურთავეთ სერბეთი და "ერთა თასზე" გავედით, მაგრამ იქ ლუჟნიკში 13-კაცაზე ჭიპმოჭრილ რუსეთთან 14:48 დავმარცხდით, ბოლოს კი ვაკეში, მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთანაც 0:60 წავაგეთ და მარგი გაკვეთილი მივიღეთ.

წლეულს ბელგრადში კვლავ ულაპარაკოდ ვძლიეთ სერბეთი და რუსეთის კვალად შესარჩევთა შემდეგ სტადიაზე გასვლის უდაო ფავორიტები შევიქენით. მეტიც, რაგბილიგას ვაზიარეთ ლელოელი მეკო კვირიკაშვილი, სამი ძაან პერსპექტიული ქუთაისელიც და ყველა ამათ საერთაშორისო ასპარეზი მოვასინჯინეთ. გამოჩნდა მორაგბეთა ისეთი კატეგორიაც, რომელიც ბორჯღალოსნებში, ცამეტ ქართველსა და ქართულ შვიდკაცაში მონაცვლეობით ბურთაობს, რაც ფრიად მისასალმებელია, რაღაი თვალსაწიერის გაფართოებასა და არსენალის გამდიდრებას აქამდე არავისთვის უწყენია.
 

ცამეტი ქართველი

(* დაემატა სერბეთის შემდეგ)

ბეკები: 1 გიორგი ასათიანი ვიცე კაპ (ლოკომოტივი 5 კეპი: 1 ლელო), 2 ლექსო გუგავა (ლოკომოტივი 3: 3ლ), 3 რეზო გიგაური* (ლოკომოტივი 2), 4 სანდრო გილაური (ლოკომოტივი 5: 3ლ), 5 ზვიად კობერიძე (ყოჩები 4: 1ლ); 6 მერაბ კვირიკაშვილი (ლელო 1: 3 ლელო 6 გოლი 1 არეკნი), 7 გიორგი სორდია (აია 1) /

ფორვარდები: 8 თორნიკე აშვეთია (აია 1), 9 ბექა ყურაშვილი (რაინდები 3), 10 დავით გასვიანი* (ლოკომოტივი 3: 1ლ); 11 ნიკა მხეიძე (ლოკომოტივი 4: 1ლ), 12 შალვა სუთიაშვილი (ლოკომოტივი 1), 13 კახა კობახიძე კაპ (რაინდები 4: 9გ);

ცირკულირებადი მარქაფა: 14 მანუჩარ ნამჩევაძე (აია 1) / 15 ირაკლი ნატრიაშვილი* (ხარები 0), 16 გრიგოლ ნიშნიანიძე* (ლოკომოტივი 1), 17 გიორგი ნემსაძე (აია 1: 1ლ) -

მწვრთნელი კახა ალანია (რაინდები 2)

კონსულტანტი ვინი ვები (ინგლისი)
 

მსოფლიო თასის წინასწარი შესარჩევი

28/04   ჰოლანდია - რუსეთი   14:40
13/05   სერბეთი - საქართველო   10:45
26/05   საქართველო - ჰოლანდია   ვაკე
3/06   სერბეთი - რუსეთი   ნოვი სადი
17/06   ჰოლანდია - სერბეთი   ჰააგა
24/06   რუსეთი - საქართველო   ლუჟნიკი


მსოფლიო თასის შესარჩევი
[2006 X და 2007 X]

ა პული    უელსი, შოტლანდია, წინასწარი 1
ბ პული    ლიბანი, ირლანდია, წინასწარი 2


რაგბილიგის ევროპული რეიტინგი

1 ინგლისი, 2 საფრანგეთი, 3 უელსი, 4 ლიბანი, 5 ირლანდია, 6 შოტლანდია, 7 რუსეთი, 8 საქართველო, 9 ჰოლანდია, 10 სერბეთი, 11 მაროკო, 12 მალტა, 13 გერმანია, 14 ესტონეთი, 15 ჩეხეთი

:::

1